აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა დაიწყო

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში მოსახლეობის უფასო გამოკვლევები დაიწყო.

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის მიზანია შეიქმნას „ელიმინაციის კუნძულები“, რაც საწყის ეტაპზე ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებას გარკვეულ რეგიონში. გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, ელიმინაციის პირველ კუნძულად სწორედ აჭარის რეგიონი შეირჩა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების მონაცემებით მკვეთრად იმატა ტურისტების რაოდენობამ და მნიშვნელოვანია რეგიონში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

აჭარის რეგიონში დაავადებათა გამოვლენის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებში აქამდე არსებული პასიური სკრინინგის ნაცვლად დაიწყო ტუბერკულოზის აქტიური სკრინინგი, რასაც “C” ჰეპატიტის და აივ/შიდსის სკრინინგიც დაემატა. ამის პარალელურად წინასწარ შერჩეულ მოწყვლად ჯგუფებთან ადგილზე მისვლით აქტიური სკრინინგი განხორციელდება მობილურ ამბულატორიებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.


ინიციატივის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ საინფორმაციო შეხვედრები გამართა სოფლის ექიმების, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნებისა და მერიის ჯანმრთელობის განყოფილების წარმომადგენლებისთვის. 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის უფასო გამოკვლევები მობილურ ამბულატორიაში, სადაც ყველა მსურველს უტარდება ექიმ ფთიზიატრის კონსულტაცია და ტესტირება C ჰეპატიტსა და HIV ინფექციაზე. 

დღევანდელი მონაცემებით  ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჩატარებულია 16 ვიზიტი, ექიმ ფთიზიატრის კონსულტაცია გაეწია 450-მდე ბენეფიციარს. მომავალ კვირას მობილური ამბულატორია მუშაობას ბათუმის ტერიტორიაზე გააგრძელებს. 

გალერეა